ისევ მიყვარხარ, ძახილია გოდება გულის
ისევ მიყვარხარ ,წამებაა ფაქიზი სულის.
ვერ დაგთმე განა, სიყვარული მხოლოდ ღელვაა
თვით ცხოვრებაა, საუკუნო გაელვებაა.
ჩემსკენ მოდიხარ, ნუღარ გოდებ გულო სნეულო,
არა, სხვა ჭირად სიყვარულად გადაქცეულო,
მიახლოვდები და თვალები დღესასწაულობს
ასე რად მიმზერ რად გაოცდი თვით სასწაულო
ნუთუ კვლავ შენთვის ზეიმია ჩემი დანახვა,
თუკი ასეა, აბა დღემდე, მითხარ სადა ხარ?
რატომ დაღალე მომლოდინე ჩემი თვალები,
თუ სალოცავად გაიხადე შენაბრალები.
არა, სიბრალულს სიყვარულთან არ აქვს ადგილი
თუ გებრალება, დავიწყებაც არის ადვილი.
მართლა ასეა? მაშინ წადი, სხვა გზით იარე
წყეულო, ნუღარ განმიახლებ გულის იარებს.
მაგრამ მიმზერენ სიყვარულით სავსე თვალები,
მიხმობენ შენსკენ მოლოდინით განაწამები,
ბრწყინვალე ცრემლით უმძიმდება თვალთ წამწამები
და საუკუნედ მეორდება მოკლე წამები
ისევ მიყვარხარ, ძახილია ზეიმი გულის,
ისევ მიყვარხარ, თავისკენ მიხმობს ფაქიზი სული,
ისევ მიყვარხარ, ნეტარება ვიპოვე სრული,
ისევ მიყვარხარ, მოგონებას მიაქვს წარსული
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий