მე შენთვის დავკრიფე თეთრი გვირილები
და ცელქ დილის ნიავს სუნთქვა ჩავაბარე,
შენთვის დაწერილი ვრცელი წერილებით
ისევ მენატრები, ჩუმად დავაბარე.
იქნებ არ მოვიდა, უგზოდ დაიკარგა,
ჩემგან თქმული სიტყვა მან სხვას დააბარა,
ის კეკლუცი სიოც ხევში ჩაიკარგა
ჩვენ კი მიგვატოვა სევდის ანაბარა.
ჩემგან დაკრეფილ იმ თეთრ გვირილებსაც
ლოდინად დააჭკნობს ჩემი სიმარტოვე,
მერე ყალბ ღიმილით უხმოდ გაგვეცლება,
ფიქრიც, უსაშველო, მარტო მიგვატოვებს.
და ასევ დაღლილი ფიქრი მარტოსული
თეთრ თოვლად დაგვათოვს, გულებს გაგვიყინავს.
კვლავ გაგვახსენდება ის შორი წარსული
სახელებს რომ ვაწერდით ყინვით დამზრალ მინას.
ხელში ჩამაკვდება თეთრი გვირილები,
სულში გახელებით იყეფს სიმარტოვე,
ჩვენ კი, ცხოვრებისგან უღვთოდ დაღლილები,
ფიქრით ვსაყვედურობთ : რატომ მიმატოვე...
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий