ახლა ვნატრობ, რომ გადავიქცე მე შენთვის მგოსნად
და სადღეგრძელო შენი შევსვა მინდვრის ცვარ-ნამით,
ახლა, როცა შენს ზურმუხტ ზეცას შუქ--ჩრდილი მოსავს,
ლოცვად მიიღე ფიქრი ჩემი ლექსად ნათქვამი.
შენს ცას, ლურჯთვალას, ვერასდროს ავნოს ღრუბელმა,
დე,ღრუბლის ჩრდილმაც ვერასდროს გადაუაროს,
ირგვლივ სამყარო დაატყვევოს ნაბიჯმა შენმა,
მუდამ აღმასვლით შეუპოვრად წინ, წინ იარო.
შენი ლამაზი მთა-გორები აწვდილი ცამდე,
შენი ველები მოხასხასე მწვანე ფერებით
უფრო ელავდეს, მისი ელვა კი ზღვის ღელვას ჰგავდეს,
მათ სადღეგრძელოს კრძალვით სვამდნენ აზარფაშებით.
მუდამ ჰყვაოდეს შენი ბაღი,შენი ვენახი,
დე, მეზვრე შენი კვლავ ამყნობდეს რქას სამამულეს,
კვლავ აძოვებდეს მენახირე ველებზე ნახირს,
მწყემსი კეთილნი აკვნესებდნენ კვლავ სალამურებს.
ისევ გიზრდიდეს შვილებს გმირად ქართველი დედა,
მეფე დავითის მხნე მარჯვენამ შეგვკრას ერთ მუშტად,
შენს ბედის ვარსკვლავს ცაზე ბრწყინავ შუქურად ვხედავ,
თუმცა, ვიცი, რომ მას უცქერენ მზაკვრულად,კუშტად.
ახლა მწადია, მგოსნად ვიქცე მე მხოლოდ შენთვის
და ოქროს თასით სადღეგრძელოდ შევსვა ცვარ-ნამი,
შენი მზის ღიმილს ღმერთის ლოცვა ფარავს და ერთვის,
ეს სადღეგრძელო შენი ჩემგან ლექსად ნათქვამი.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий