მზე რომ სხივებს უხვად მაყრის
სიცივე ვერ მეკარება,
მაინც მზარავს ცივი ზამთრის
გაყინული მდუმარება.
რატომ უნდა დავემსგავსო,
შემოდგომის ყვითელ ფოთოლს,
თქვან: მარტოსულს როგორ ჰგავსო,
შეუფერავს ვერაგ დროსო.
რატომ, როცა დღეს ხვალინდელს
გაუშლია ლაღად ფრთები,
დილა ხანძრად ანთებული
მისი სხივით ვცოცხლობ, ვთბები.
დღეს მპირდება დილა მზიანს,
სანაქებოს, საარაკოს,
სხვა რა მინდა ადამიანს,
დრომ უკვალოდ არ დამკარგოს.
ჩამიაროს ქარიშხალმა,
მტკიცედ ვიდგე მგზავრი მწირი.
დამიფაროს მზის სხივებმა
ცივ ზამთრისგან განაწირი.
რას დამაკლებს ყინვა მკაცრი
ან ცივ თოვლის ყრუ ქვითინი,
მზე თუ ისევ სხივებს მაყრის,
ჩემ წილ ცაზე გაფოთლილი.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий